lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
климакс
მიზეზები და განვითარების მექანიზმი. მოზარდობიდან მენოპაუზამდე პერიოდს რეპროდუქციულს უწოდებენ. მხოლოდ რეპროდუქციულ ასაკში ფუნქციონირებს ქალის სასქესო ჯირკვალი - საკვერცხე. განსაზღვრულ პერიოდში (საშუალოდ - 4 კვირაში) ერთხელ საკვერცხეში ფოლიკული მწიფდება, შემდეგ სკდება და კვერცხუჯრედს ათავისუფლებს. ამავე დროს ფოლიკული გამოიმუშავებს ქალის ძირითად სასქესო ჰორმონს - ესტროგენს, რომელიც  ციკლის პირველ ფაზაში იწვევს საშვილოსნოს ლორწოვანის ზრდას. გამსკდარი ფოლიკულისგან წარმოიქმნება ყვითელი სხეული, რომელიც გამოყოფს ქალის მეორე სასქესო ჰორმონს - პროგესტერონს. მისი ზემოქმედებით საშვილოსნოს ლორწოვანში მიმდინარეობს გარდაქმნები, კერძოდ, მომზადება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მისამაგრებლად. თუ კვერცხუჯრედი არ განაყოფიერდა, ყვითელი სხეული უკუვითარდება. ამის შედეგად მკვეთრად ქვეითდება სისხლში პროგესტერონის დონე, რასაც საშვილოსნოს ლორწოვანის ჩამოფცქვნა  და მენსტრუაცია მოჰყვება. ამასობაში საკვერცხეში მწიფდება მომდევნო კვერცხუჯრედი და იწყება ახალი ციკლი. საკვერცხეების ბიოლოგიური სიცოცხლის ასაკი დასასრულს 35-დან 50 წლამდე პერიოდში უახლოვდება (ეს ყველასთვის ინდივიდუალურია). თანდათანობით მცირდება ჰორმონების გამომუშავება, კვერცხუჯრედი უფრო და უფრო იშვიათად მწიფდება, რის გამოც მენსტრუაციული ციკლი არარეგულარული ხდება. საკვერცხეების ფუნქციას თავის ტვინში მდებარე ცენტრი არეგულირებს. მათი ფუნქციის დაქვეითებას ცენტრი მასტიმულირებელი ჰორმონების მომატებით პასუხობს. განსაზღვრული ხნის განმავლობაში საკვერცხეები ახერხებენ უკანასკნელი რეზერვების მობილიზაციას, მაგრამ დგება დღე, როდესაც მათი ფუნქციონირება წყდება. ზოგ ქალს მენსტრუაცია შესაძლოა წინასწარი დარღვევების გარეშეც შეუწყდეს. მენოპაუზის ასაკი ინდივიდუალურია, საშუალოდ 51 წელს უდრის, უმეტესად კი 45-დან 55 წლამდე მერყეობს. თუ მენოპაუზიდან 1 წლის ან უფრო მეტი ხნის შემდეგ ქალს სისხლდენები დაეწყო, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. მართალია, ეს უმეტესად ჰორმონული ბალანსის მერყეობის შედეგია, მაგრამ არ არის გამორიცხული, საშვილოსნოს კიბოს გამოვლინებაც იყოს. უნდა გვახსოვდეს, რომ ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებული კიბოსგან განკურნება შესაძლებელია, დაგვიანების შემთხვევაში კი პროგნოზი არასაიმედოა. საკვერცხეების ფუნქციის მარეგულირებელი ცენტრი,  ჰიპოთალამუსი, უკავშირდება თავის ტვინის სხვა უბნებს, მათ შორის - ვეგეტატიური ნერვული სისტემის ცენტრებს, რომლებიც სისხლის მიმოქცევას და სხეულის ტემპერატურას არეგულირებს, ასევე - ლიმბურ სისტემას, რომელიც "გრძნობათა ცენტრს" წარმოადგენს. ამიტომ არის, რომ მენოპაუზით განპირობებული ჰორმონული ცვლილებები შესაძლოა ფსიქოვეგეტატიური დარღვევების მიზეზად იქცეს. საბედნიეროდ, ეს დარღვევები ყოველთვის არ ვითარდება. მენოპაუზის პერიოდში შემაწუხებელ მოვლენებს ქალების მხოლოდ მესამედი უჩივის. მესამედს მსუბუქი ფორმები აღენიშნება, ხოლო მესამედი კლიმაქსურ პერიოდში საერთოდ ვერ გრძნობს ცვლილებას. იმის წინასწარ განსაზღვრა, რომელ მესამედში მოხვდება ქალი, შეუძლებელია. ეს პიროვნულ თავისებურებებზე არ არის დამოკიდებული.