lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
крипторхизм
კრიპტორქიზმი არის სათესლე პარკში სათესლე ჯირკვლის არარსებობა. ის აღენიშნება ახალშობილთა 30%-ს და 15 წლამდე ასაკის ვაჟების 2-4%-ს. ჯირკვალი შესაძლოა ჩარჩეს საზარდულის არხში ან მუცლის ღრუში ანდა სათესლე პარკის ნაცვლად შორისის მიდამოში ან ბარძაყის გვერდით ჩამოვიდეს. ადამიანის ჩანასახს სათესლე ჯირკვლები მუცლის ღრუში აქვს მოთავსებული. ისინი დაახლოებით მეხუთე თვიდან ჩამოდის სათესლე პარკში, მაგრამ ზოგჯერ მიზეზთა გამო ერთი ან ორივე ჯირკვლის ჩამოსვლა ფერხდება. კრიპტორქიზმი შესაძლოა განპირობებული იყოს გენეტიკური ფაქტორით, ორსულობის პერიოდის ტოქსიკოზით, მშობლების ქრონიკული დაავადებებით და სხვა. სათესლე ჯირკვალი, რომელიც დროულად ვერ ჩადის პარკში, შედარებით პატარა, განუვითარებელი და ფუნქციურად არასრულფასოვანია. ორივე ჯირკვლის შეკავება შესაძლოა უშვილობის მიზეზადაც კი იქცეს. გარდა ამისა, საშიშია, ფიზიკური დატვირთვისა და თამაშის დროს არ მოხდეს სათესლე ჯირკვლის შემოგრეხა და ჩაჭედვა. ამ შემთხვევაში ავადმყოფს ეწყება შეტევითი ტკივილი და საჭირო ხდება სასწრაფო ოპერაცია. კრიპტორქიზმის მოსალოდნელ გართულებებს შორის ყველაზე სახიფათოა შეკავებული ჯირკვლის სისმსივნური გადაგვარებისკენ მიდრეკილება. საშიშროება მით უფრო რეალურია, რაც უფრო მაღლა მდებარეობს ჯირკვალი და რაც უფრო დაგვიანებულია მისი ჩამოსვლა. რჩევა: მშობელმა ბანაობის დროს უნდა შეუმოწმოს ბავშვს, აქვს თუ არა ჯირკვალი სათესლე პარკში. კრიპტორქიზმის შესახებ ყველაზე ადრე დედები იგებენ, მაგრამ ზოგი, იმის მაგივრად, რომ უროლოგს მიმართოს, წლობით საიდუმლოდ ინახავს ამ ფაქტს ან მიდის არაკვალიფიციურ ექიმთან, რომელიც ურჩევს, დაელოდოს შვილის სქესობრივ მომწიფებას - შესაძლოა, ამ პერიოდში ჯირკვალი თავისითაც ჩამოვიდესო. მართლაც შესაძლოა ასე მოხდეს, მაგრამ გვიან ჩამოსული ჯირკვალი არასრულფასოვანი იქნება. შეკავებულ სათესლე ჯირკვალში მოსალოდნელი გართულებების რისკი რომ შემცირდეს, იგი, როგორც ორგანო, ნორმალურად რომ განვითარდეს, პარკში მის თავისთავად ჩამოსვლას არ უნდა დაველოდოთ - ოპერაცია 2 წლამდე ასაკში უნდა გაკეთდეს. ამ დროისთვის ჯირკვალში არსებული ცვლილებები ჯერ კიდევ არ არის ღრმა და შექცევადია.