lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
лепра, проказа
ლეპრა მძიმე ქრონიკული ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ლეპრის მიკობაქტერია (ჰანზენის ჩხირები). ახასიათებს კანის, ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსისა და პერიფერიული ნერვული სისტემის გრანულემური დაზიანება. დიაგნოსტიკის დაგვიანების შემთხვევაში პროცესი ითრევს ძვალკუნთოვან აპარატს, მხედველობისა და შინაგან ორგანოებს. ლეპრა უმთავრესად ტროპიკულ ქვეყნებშია გავრცელებული. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ავადობა 10-12-დან 1,8 მილიონამდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, ის მაინც ხშირია ბრაზილიის, სამხრეთ აზიის, აღმოსავლეთ აფრიკის ზოგიერთ რაიონში  და წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში. ლეპრა უმთავრესად ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება, მაგრამ არ არის გამორიცხული მისი კანიდან შეჭრა (კანის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში). ჯამში ლეპრა უფრო ნაკლებად კონტაგიოზურ დაავადებად ითვლება, ვიდრე, მაგალითად, ტუბერკულოზი. კეთრით ავადობის მაღალ რისკჯგუფში შედიან მისი ეპიდემიური გავრცელების რაიონის მაცხოვრებლები, რომელთაც არ გააჩნიათ სათანადო საცხოვრებელი პირობები (სარგებლობენ ბინძური სასმელი წყლით, იკვებებიან ცუდად, ცხოვრობენ ანტისანიტარიაში) ან ბევრს ავადმყოფობენ და დასუსტებული აქვთ იმუნიტეტი (მაგალითად, აივ-ით). კეთრს ახასიათებს ხანგრძლივი, საშუალოდ 3-5-წლიანი, ზოგჯერ 20-წლიანი უსიმპტომო საინკუბაციო პერიოდი. მისთვის დამახასიათებელია ასევე ხანგრძლივი ლატენტური პერიოდი არასპეციფიკური და აუხსნელი პროდრომული ნიშნებით (სისუსტე, ძილად მივარდნა, პარესთეზიები, შემცივნება), რაც საგრძნობლად ართულებს ადრეულ სტადიაში დაავადების დიაგნოსტიკას.